სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ფარცვანიამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.სოფელ წვირმის საჯარო სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. მსუბუქი კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. სასწავლო სივრცეებთან ერთად სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზოში კი – სარეკრეაციო სივრცე. გარდა ამისა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.მიხეილ ჩხენკელი: „დღეს დავათვალიერეთ ზემო სვანეთის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ეს სკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე. ამ სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, არიან არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები.მე ძალიან მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ ექნებათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. აქ განთავსდება კომპიუტერული ლაბორატორიები და მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობა სწავლისთვის.ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში მრავალი ახალი სკოლა შენდება, რადგან ჩვენს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი.“სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და მისი ღირებულება 1 404 640 ლარს შეადგენს.