სენაკში ინოვაციური ჰაბის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია ღუდუშაური და მოადგილე ლევან სუხიტაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ადგილზე გაეცნენ სენაკის ინოვაციური ჰაბის მშენებლობის პროცესს. პროექტის ფარგებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობის ზედა სართულების მისაწვდომ სივრცეებად გარდაქმნისთვის იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. სასწავლო ოთახებთან ერთად თავმოყრილი იქნება როგორც საერთო სამუშაო და სატრენინგო სივრცე, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის განკუთვნილ ადგილს, ასევე კომპიუტერული ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ადმინისტრაციული ოთახები და რეცეფცია. სტუდენტებს საშუალება ექნებათ ინოვაციური იდეები რეალურად განახორციელონ ფაბრიკაციის ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით. შენობაში არსებულ შოურუმში, რომელიც შეითავსებს როგორც საგამოფენო, ასევე სასწავლო და ჯგუფური მუშაობის ფუნქციას, წარმოდგენილი ყველა განსხვავებული ბრენდის ინვენტარისთვის გამოყოფილი იქნება საკუთარი ოთახი. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.