საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტი აღდგა. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით დღემდე 287 სამედიცინო ოთახი განახლდა და 2016 წელს 151 სამედიცინო ოთახის მოწყობა და აღჭურვა იგეგმება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აღნიშნულ პროექტზე ერთობლივად მუშაობდა. შედეგად, სკოლის ექიმებად დასაქმდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, სერტიფიცირებული პირები. სკოლის ექიმის მოვალეობაა დროულად აღმოუჩინოს მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარება; დაგეგმოს და განახორციელოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები; ხელი შეუწყოს ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციას; გაავრცელოს ინფორმაცია იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების პრევენციული მექანიზმების შესახებ; სკოლის დირექციას, დამრიგებელს და მშობელს მისცეს რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ამაწლის 26 აპრილს მოვინახულეთ რუსთავის N18 საჯარო სკოლაში არსებული სამედიცინო ოთახი და გავესაუბრეთ ექიმ, თეა გულიაშვილს, რომელიც 2015 წლის პირველი სექტემბრიდან მუშაობს სკოლაში.
– უმეტესად რასთან გაქვთ საქმე?
–ტრავმებსა და მიკროტრავმებთან. ბავშვები აქტიურად მოძრაობენ, რაც ზრდის ტრავმის ალბათობას. ზოგჯერ მოსწავლეს სიცხე უწევს, თავი ან მუცელი სტკივდება, ფაღარათი ეწყება, გული ერევა… პირველ დახმარებას ვუწევ, მერე კი მშობელს ვუკავშირდები, რომ ბავშვი სახლში ან საავადმყოფოში წაიყვანოს. თუ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მისი მოგვარება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, სასწრაფო დახმარებას ვიძახებ.
– რა პრობლემები აქვთ დღევანდელ მოსწავლეებს?
– მოსწავლეობის წლები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელ, ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენი ეპოქის ბავშვების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტას აქტიურობენ ფიზიკურად და გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ახერხებენ ბალანსირებულ კვებას.
პროექტის წყალობით მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც თავს უფრო მშვიდად გრძნობენ.