განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ “საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ტრანსპორტი ემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც აქვს სკოლამდე მანძილის დაფარვის, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო გადაადგილების პრობლემა, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაყვანილები არიან ახლომდებარე სკოლებში. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები და მათ ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება. საჭიროებიდან გამომდინარე კი ტრანსპორტირებაში ჩართულები არიან სპეციალურად გადამზადებული გამყოლები.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე და უკან მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება. ამ პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ პროგრამაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალების რეგულარულ დეზინფექციას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უზრუნველყოფილია თბილისში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი 6 საჯარო სკოლის 251 მოსწავლის და პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით 25 საჯარო სკოლის 7165 მოსწავლის ტრანსპორტირება. მომსახურების ჯამური ღირებულება 2 მილიონ 391 ათას ლარზე მეტია.
პარალელურად, სააგენტოს დაფინანსებით, “საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამით საქართველოს მასშტაბით 56 მუნიციპალიტეტის 61 ათასამდე მოსწავლე სარგებლობს.