საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ, ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა.
მინისტრმა სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა.
სამტრედიის პირველ სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია.
სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
სკოლაში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი და შენობა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.