რევაზ ინანიშვილის სახელობის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და ამავე სააგენტოს მოადგილემ ლევან მუშკუდიანმა გახსნეს.

სოფელ ხაშმის სკოლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 4 000 000 ლარზე მეტია, 320 მოსწავლეზეა გათვლილი.

სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.

სკოლის გახსნაში მონაწილეობა ასევე მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა.