საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრატრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის მნიშვნელოვანი პროექტია სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, ტრენინგ-ცენტრისა და სასტუმროს რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
კოლეჯში „სპექტრი“ 700-მდე სტუდენტი 30-მდე პროფესიას ეუფლება. სტუდენტთა ნაწილი რეგიონიდანაა, პროფესიულ სასწავლებელში სწავლობენ სოციალურად დაუცველი სტუდენტებიც, პირველ რიგში სწორედ მათ მოემსახურება უფასოდ თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი და მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლის ხელმისაწვდომობას. აქ იცხოვრებენ ასევე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები,
სურვილის შემთხვევაში, საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებიც. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო ისეთი უნივერსალური დიზაინით კეთდება, რაც აქამდე მსგავს შენობებში არსად განხორციელებულა, აქ შშმ პირებს სრულიად დამოუკიდებლად და კომფორტულად შეეძლებათ სართულებზე ასვლა და სივრცეში გადაადგილება.
კოლეჯში სასწავლო სახელოსნოების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სრულიად განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამოქმედდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები.
2013–2015 წლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 9 პროფესიულ სასწავლებელში; ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; აშენდა – 1 საერთო საცხოვრებელი და 1 სასწავლო კორპუსი.
2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში. ფილიალებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში – იგულისხმება საპროექტო, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და შშმ პირთათვის შენობების ადაპტირებითი სამუშაობი, ასევე სახელოსნოების გამართვა, აღჭურვა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების მოწყობა.