პირველკლასელი მოსწავლეები კომპიუტერებს მიიღებენ

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემად ჯამში შეისყიდა 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი. კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო მეათე წელია წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას და ყოველ სასწავლო წელს მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს (ბუკს). ბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამები, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც ირიცხებიან/ჩაირიცხებიან I-III კლასში და არ მიუღიათ კომპიუტერი, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებული ფუნქციონირებადი 30 სკოლის პირველკლასელები. პროგრამის მიზანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.