გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ოთხსართულიანი შენობის სახურავის, ფასადისა და ინტერიერის რეაბილიტაცია, რემონტდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; მოეწყობა სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა; ეზოში დაიგება ასფალტის საფარი, რეაბილიტირდება სკოლის ჭიშკარი და ღობე. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 1 850 000 ლარამდეა, მიმდინარე წლის მაისში დაიწო და წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.