მარნეულის N1 სკოლის მოსწავლეები მომავალ სასწავლო წელს ევროსტანდარტების მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას

18 აპრილს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ნათია ზედგინიძეს, ამჟამად, მარნეულის N1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა გააცნო. სტუმრებმა, რომელთა შორის ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იყვნენ, შენობის არქიტექტურული იერსახისა და ხარისხის მაჩვენებლის წინაშე აღფრთოვანება ვერ დამალეს.

350 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე. მშენებლობა ევროსტანდარტების მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობს. გამოყენებულ სამშენებლო მასალებს გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია.

სახანძრო სიგნალიზაციით უზრუნველსაყოფად, სამუშაოების ბოლო ეტაპზე მოეწყობა „BMS“ ტექნოლოგიის სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა. სიგნალიზაციის პანელს მიკროპროცესორის საშუალებით შეეძლება დაკავშირება და საკონტროლო მოწყობილობების კონტროლი, მათგან საგანგაშო სიგნალების და მწობრიდან გამოსვლის შეტყობინებების მიღება. ელექტრო საკეტები სახანძრო განგაშის შემთხვევაში გააღებს ყველა საევაკუაციო კარს.

აღნიშნული უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება სააგენტოს მიერ 2018 წლიდან მიმდინარე საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის ყველა პროექტშია გათვალისწინებული.

სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.

მშენებლობას  შპს „სამშენებლო ტრესტი N3“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულებაა 1542 845 ლარია.