ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, სსიპ საგანმანათლებო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს

.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ ლარს შეადგენს, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.