კასპის პროფესიულმა კოლეჯმა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წელს აშენდა, სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო.
მიმდინარე წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სასწავლებლის ბაზაზე, დამატებით, შედუღების, სამღებრო და ელექტრობის სასწავლო სახელოსნოები აშენდა.
თეორიული და პრაქტიკული სწავლების აუდიტორიები და ახლად გახსნილი სახელოსნოები სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკითა და დანადგარებით.
კოლეჯის ბაზაზე ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საშუალება ექნებათ: დაეუფლონ პროფესიას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, მოახდინონ შესაძლებლობებისა და იდეების რეალიზება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო სივრცეში განავითარონ პრაქტიკული უნარები და შეძლონ დასაქმება.
სასწავლებელში პროგრამები რეგიონის საჭიროებებზეა მორგებული და რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პირველ სასწავლო წელს, კასპის პროფესიული კოლეჯი 200-მდე პროფესიულ სტუდენტს 8 საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. კურსის დამთავრების ბოლოს სტუდენტები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ დიპლომებს მიიღებენ.