საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჯიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია ქვემო ქართლში, ქალაქ მარნეულში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. მარნეულის პროფესიული სასწავლებელის სამსართულიანი შენობა გათვლილია 150 სტუდენტზე. თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 680 122.96 ლარია. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, რომელიც ასევე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მასალებით იქნება შესრულებული. ეზოში მოეწყობა გამწვანებული გაზონები, მოსასვენებელი სკამები, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, მოასფალტებული გზები და ავტოსადგომი.ქვემო ქართლში ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. შემოდგომიდან პროფესიული განათლების მიღება უკვე მარნეულში, „მოდუსის” ახალ, თანამედროვე სივრცეშიც გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კოლეჯი მარნეულისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით დაინერგება დუალური პროგრამებიც.