საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს პროფესიული სასწავლებლების პროექტირებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას და აღჭურვას.
2013–2015 წლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 9 პროფესიულ სასწავლებელში (5 607 772 ლ); ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას (1 977 189ლ); აშენდა – 1 საერთო საცხოვრებელი და 1 სასწავლო კორპუსი (3 472 950ლ);
2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში, (მათ შორის ორ ახლად დაფუძნებულ სასწავლებელში) ფილიალებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში – იგულისხმება საპროექტო, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და შშმ პირთათვის შენობების ადაპტირებითი სამუშაობი, ასევე სახელოსნოების გამართვა, აღჭურვა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების მოწყობა.
პროფესიული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოდულური პროგრამების დანერგვის მიზნით, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 26 დაწესებულებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად 2 637 321 ლარი დაიხარჯება.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.
პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაძლიერების მიზნით, ფუძნდება ახალი სასწავლებლები და ფილიალები.