პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება ექვს მილიონ ლარამდეა.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია ღუდუშაური ადგილზე გაეცნო.
მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კოლეჯი ფუნქციონირებას 2022 წლიდან დაიწყებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.
ორ სართულიანი თანამედროვე ტიპის შენობის პირველ სართულზე განლაგებული იქნება ჰოლი, ადმინისტრაციული ნაწილი, თეორიული სწავლების აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ტექნიკური სათავსოები, სასადილო დარბაზი სამზარეულოთი, სხვადასხვა ტიპის კლასები და სპორტული დარბაზი. მეორე სართულზე კი განთავსდება სხვადასხვა ტიპის კლასები, საკონფერენციო, ფაბ ლაბი, ექთნის კაბინეტი, ადმინისტრაციის ნაწილი და დამხმარე ფართობები. პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს დაეფუძნება.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.