თელავის პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟის” სტუდენტებმა ახალი სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა, რომლის შედეგად განახლდა როგორც ძირითადი სასწავლო კორპუსი, ასევე, გარე სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.
500 სტუდენტზე გათვლილი რეაბილიტირებული კოლეჯი მომავალი წლიდან დამატებით სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო-პერსონალური სერვისებისა და სხვა პროფესიული მიმართულებით სადიპლომო და მოკლევადიან პროგრამებს განახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვა, სადაც აქტიურად არის ჩართული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და თელავთან დამეგობრებული ქალაქ ბიბერახის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი.
2021 წელს კოლეჯის ტერიტორიაზე იგეგმება სხვადასხვა პროფესიის სახელოსნოების მშენებლობა, სადაც სტუდენტები თანამედროვე შრომის ბაზრის შესაბამის პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ.