თბილისის N39 საჯარო სკოლის სასწავლო პროცესი განახლებულ სივრცეში აღდგა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თბილისის N39 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, რეაბილიტირდა მე-4 სართულზე არსებული საკლასო ოთახები და დერეფანი, გარემონტდა სკოლის სააქტო დარბაზი. რეაბილიტირებულ სივრცეში ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, გამოიცვალა ელექტრო გაყვანილობის ქსელი, კარ-ფანჯარა და იატაკი. დამონტაჟდა თანამედროვე ეკონომიური ლედ განათებების სისტემა. სკოლა აღიჭურვა თანამედროვე სასკოლო ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკით. განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 265 ათას ლარამდე შეადგინა. სამუშაოების მასშტაბურობისა და უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, რეაბილიტაციის დასრულებამდე სასწავლო პროცესი ჰიბრიდულად მიმდინარეობდა: პირველი საფეხურის მოსწავლეები სასკოლო პროცესს თბილისის N173 საჯარო სკოლის შენობაში ახორციელებდნენ, მომდევნო საფეხურის მოსწავლეები კი დისტანციურად. 22 ნოემბრიდან კი 1600-მდე მოსწავლე, სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი განახლებულ შენობაში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.