სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის 86-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და პროფესიული დღესასწაული პირადად მიულოცა სკოლის წარმომადგენლებს.
თბილისის 86-ე საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლად აშენებულ შენობაში დაიწყო. 650 მოსწავლეზე გათვლილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ამჟამად 405 მოსწავლე სწავლობს, რომელთა განათლებაზე 28 მასწავლებელი, მათ შორის, 6 წამყვანი, 21 უფროსი და 1 მოწვეული მასწავლებელი ზრუნავს.
მასწავლებლების ღვაწლი ქვეყნის განვითარებისა და ჯანსაღი საზოგადოების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია, რადგან ისინი მომავალ თაობას აძლევენ ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს-განათლებას. თბილისის 86-ე საჯარო სკოლაში კი ყველა პირობაა შექმნილი თანამედროვე ხარისხიანი განათლების მიღებისთვის.
სასწავლო ოთახების პარალელურად სკოლაში ფუნქციონირებს ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, სამზარეულო და სასადილო; აქვს შიდა და გარე სპორტული მოედნები, ნაწილობრივ გადახურული მრავალ ფუნქციური ტერასა და სარეკრეაციო სივრცე.
შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით.
თბილისის 86-ე საჯარო სკოლის ისტორიული შენობა, რომელიც 1933 წელს აშენდა, სიძველის გამო რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძველი შენობის ადგილზე ახალი სასკოლო კომპლექსის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
სკოლის მშენებლობის პროექტი, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით განახორციელა.