სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისის 174-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რომლის შედეგად სკოლის 1600-მდე მოსწავლე და სკოლის 96 თანამშრომელი სრულად განახლებული სასწავლო სივრცეებით ისარგებლებს.
პირველ ეტაპზე მიმდინარე პროექტის ფარგლებში სკოლის შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება: რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეწყობა ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა, იცვლება განათება, იატაკი და კარ-ფანჯარა.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 690 000 ლარზე მეტია, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაიწყო და ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის დასრულდება.
მეორე ეტაპზე, 2023 წელს, დაგეგმილია სკოლის სააქტო დარბაზისა და ფასადის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო. სამუშაოები სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.