ვიზიტი 198-ე საჯარო სკოლაში

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა თბილისის 198-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

მინისტრმა, მოსწავლეებთან ერთად, არაფორმალურ შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა.

ალექსანდრე წულაძის განცხადებით, 198-ე საჯარო სკოლა, როგორც რესურს სკოლა, გამოირჩევა ინკლუზიური განათლების მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისთვის. მინისტრის თქმით, სკოლა უახლოეს მომავალში უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობით.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 198-ე საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი აპარატურა გადაეცა.