დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის  მოადგილე, თეიმურაზ მაჩაიძე  ქალაქ  თბილისში, დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამ დროისთვის ხორციელდება საძირკვლის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია სააგენტოს მიერ და მუდმივად  უწევს ზედამხედველობას მიმდინარე სამუშაოებს. შენობა  3 სართულიანი იქნება და სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პირველ სართულზე მოეწყობა  დაწყებითი საფეხურის კლასები – პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით. ასევე ადმინისტრაცია და სასადილო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და მანდატურის ოთახი. მეორე სართული დატვირთული იქნება საბაზო და საშუალო საფეხურის კლას-კაბინეტებით, ბიბლიოთეკით, სამასწავლებლო და ლინგაფონის ოთახებით. მესამე სართულზე განთავსებული იქნება  საბაზო და საშუალო საფეხურის კლას-კაბინეტები და სპორტული დარბაზი გასახდელებითა და საშხაპეებით. შენობის საერთო ფართობი შეადგენს: 7361.5მ2 და გათვლილია 650 მოსწავლეზე. სართულები ერთმანეთთან  დაკავშირებული იქნება   სამი შიდა კიბითა და ერთი ლიფტით. სკოლის ამ დრომდე არსებული ორსართულიანი შენობა აშენებული იყო 1894 წელს. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლაში.