საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ირაკლი კუპრავასთან ერთად, კახეთის რეგიონში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა და მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება მიულოცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლებში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს ასევე გაეცნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბენაშვილი და სხვა სტუმრები.
სოფელ არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლები 500-500 მოსწავლეზეა გათვლილი და მათი სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. არაშენდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ექვს მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბაკურციხის სკოლის ჯამური ღირებულება ხუთი მილიონი ლარია. ორივე სკოლა სრულად აკმაყოფილებს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლებში ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები უზრუნველყოფილია შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემებით. ორივე სკოლას აქვს როგორც ღია, ასევე, დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტად გრძელდება. სამინისტროს მიზანია, თანამედროვე სასკოლო გარემო თითოეული მოსწავლისთვის იყოს უზრუნველყოფილი.