ბორჯომში 250 სტუდენტზე გათვლილი ახალი პროფესიული კოლეჯი შენდება

 თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავმოყრილი იქნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, კაფეტერია, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას.

გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, რომელიც ასევე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მასალებით იქნება შესრულებული.

კოლეჯი რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად ტურიზმის, სამშენებლო საქმესა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.

 პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.