პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბორჯომში ახალი კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების თანამედროვე პროფესიული განათლების უახლესი სტანდარტების გარემოში დაუფლებას 2023 წლიდან უზრუნველყოფს.
250 სტუდენტზე გათვლილ სასწავლო დაწესებულებაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე; აღიჭურვება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით; შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
სასწავლებელში დაინერგება როგორც მოკლევადიანი, ისე მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებებსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვა მიმართულებები.
კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ბორჯომის პროფესიული კოლეჯის მშენებლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება ათ მილიონამდე ლარია.
სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო.
მშენებლობა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.