სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, მხარის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტით 150 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის შენობა სამსართულიანია და თანამედროვე არქიტექტურული ფორმებით ხასიათდება. უახლესი სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვილი თეორიული სწავლების აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული სივრცე; საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები; შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას.
სასწავლებელი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის: მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.
სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, რომელიც ასევე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მასალებით იქნება შესრულებული; მოეწყობა გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, მოასფალტებული გზები და ავტოსადგომი. სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება და მისი ღირებულება 6 700 000 ლარამდეა.
სასწავლებელი მსურველებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ მოკლევადიან და საკვალიფიკაციო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს; როგორიცაა: იატაკის და ფილის სამუშაოები, კედლის დაფარვის სამუშაოები, ელექტრობა, სანტექნიკის სისტემები, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერისა და კომპიუტერული ქსელის და სისტემების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.