საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს 1000-ზე მეტი მოსწავლე ახალი წლიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებს სწავლას. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე თვეში დასრულდება.
თითქმის ათი წელია სოფელ ლამბალოს მოსწავლეები სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, სასწავლო ობიექტები კი ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.
ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ნიუანსები, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ასევე ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა. ახალი 2016 წლიდან ლამბალოელი მოსწავლეები უკვე ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას.