ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მოქმედი კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასწავლო სახელოსნოს აშენებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სახელოსნოში ახმეტის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის – კერამიკული ნაწარმის სპეციალისტები მომზადდებიან. სახელოსნო შესაძლებლობას მისცემს კოლეჯს გაზარდოს პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა. აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი დარგთაშორისი კავშირების განვითარებას უწყობს ხელს (მევენახეობა/მეღვინეობაში – ქვევრის წარმოება, ტურიზმში-სუვენირების დამზადება) და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლს ზრდის.
სახელოსნოების ტიპიური პროექტი ითვალისწინებს ერთსართულიან შენობას, რომელიც წარმოადგენს ცალკე მდგომ ბლოკს და ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიტრაჟული დერეფნებით. შენობის ძირითადი ფასადი შეიღებება მაღალი ხარისხის ნესტგამძლე საღებავით.
კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სახელოსნოს მშენებლობის პროცესს გაეცნო და მომავალი კერამიკოსების ნამუშევრები დაათვალიერა.