ადმინისტრაციული საჩივარი – დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება: დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი: ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.
წარმომადგენლობის უფლება: ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორით (ან წარდგენილი უნდა იყოს სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ფორმაში).
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა: ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო: თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
სამინისტროში წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევასთან დაკავშირებული საკითხები.
პირი, რომელიც დაინტერესებულია, რომ მის მერ სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს მის კომერციულ საიდუმლოებად, ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს წინასწარ. სამინისტრო 10 დღის ვადაში გადაწყვეტს წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს. თუ ინფორმაციის წარდგენისას სამინისტრო არ მიიჩნევს მას კომერციულ საიდუმლოებად, ის იღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ან ამ უკანასკნელის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში – საქართველოს მთავრობა), ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს (საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციის ღიაობისაგან თავის შეკავების მიზნით).
ნებისმიერ პირს აქვს უფლება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი:
პირს აქვს უფლება სამინისტროს ან მისი საჯარო მოსამსახურის საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ან ამ უკანასკნელის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში – საქართველოს მთავრობა, მდებარე თბილისი ინგოროყვას ქ. N7), ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოს (მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; მის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6).