მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ხაშურში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში მიმდინარე თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი სააგენტოს სპეციალისტებთან და კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში იფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის სპორტული დარბაზი; სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის; აღიჭურვება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით; ეზოში მოეწყობა ავტოსადგომი, სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული ღია სპორტული მოედანი

ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს შესთავაზებს, როგორც გრძელვადიან, ასევე, მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს, მათ შორის: ელექტრობა, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტი, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება.