მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N90 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე, თბილისის 90-ე სკოლაში სარეაბიალიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირინე აბულაძე  და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი თინაძე გაეცნენ.

თანამედროვე სტანდარტების სკოლას ექნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. შენობა ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა სპორტული მოედანი, გამწვანდება სკოლის ტერიტორია. რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება, ახალი სასწავლო წლიდან კი, სასწავლო პროცესი განახლდება.

აღსანიშნავია, რომ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 700-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო მასშტაბური პროექტები სკოლების მშენებლობის მიმართულებით.