მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N29 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აგრძელებს „განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამით შერჩეული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 
სააგენტოს წარმომადგენლებმა ამჟამად თბილისის N29 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს, რომელსაც შპს „აისი“ ახორციელებს.
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულს მთლიანად მოიცავს. რეაბილიტაცია უტარდება საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს, სველ წერტილებს, ფოიეს და სპორტულ დარბაზს. მთლიანად იცვლება ელექტრო გაყვანილობის და წყალკანალიზაციის ქსელი, შენობის სახურავის საწვიმარი მილები და ძაბრები. საკლასო ოთახებში მონტაჟდება მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, ტარდება სამღებრო სამუშაოები, იცვლება იატაკი, ჭერში მონტაჟდება ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სააგენტოს მიერ შემუშავებული სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის შესაბამისად რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში.
სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 337248 ლარია, ამჟამად აქტიურ ფაზაშია შესული და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.