მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის ორივე კორპუსისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების გამაგრება-რესტავრაცია, ისტორიული ძეგლის იერსახე სრულად იქნება აღდგენილი. პარალელურად, სკოლა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეებისთვის.

შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სამედიცინო ოთახი და სასადილო. სკოლა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, სახელმძღვანელოებითა და დამხმარე ინვენტარით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნისა და და სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უსინათლოთა სასწავლებელი 1889 წელს, იმდროინდელი ქართველი ინტელიგენციის აქტივობით გაიხსნა. სასწავლებელი 30 მოსწავლეზე იყო გათვლილი და მიხაილოვის ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებდა. სასწავლებელს ნინო ალექსანდრეს ასული აბაშიძე-ბუგაევსკაია ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით, 1897 წელს, უსინათლოთა კავკასიის მზრუნველთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაიწყო თბილისის უსინათლოთა სასწავლებლისთვის საკუთარი შენობის აგებაზე ზრუნვა.

1900 წლის 20 ივნისს შედგა თბილისის უსინათლოთა სასწავლებლის ახალი (ამჟამინდელი 202-ე საჯარო სკოლის) შენობის საზეიმო გახსნა. სასწავლებლის შენობა შედგებოდა 2 კორპუსისგან – სასწავლო შენობისა და დამხმარე სახელოსნოსგან. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1953 წელს შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და შრომითი საქმიანობის გამრავალფეროვნების მიზნით შენობას მიაშენეს დამატებითი კორპუსი.