მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

სოფელ ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა, რომელიც 1934 წელს აშენდა 700 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება და ბავშვები სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის.

 „სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა – მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია“ –  განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.