მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სიქთარვას საჯარო სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას ახლადაშენებულ საჯარო სკოლას ეწვია. თანამედროვე სტანდარტების 120 მოსწავლეზე გათვლილი  საჯარო სკოლა  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით ააშენა და მისი ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოწყობილია პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლაში ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები. შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. ეზოში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  რეკომენდაციის შესაბამისად სკოლა აღიჭურვილია  ჰიგიენის საშუალებებით: დისტანციური თერმოსკრინინგის აპარატებით, დეზობარიერებით, ხელის დისპენსერებით და  შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით.

 „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სოფელ სიქთარვის სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებში, ზედმიწევნით არის დაცული ყველა ის სანიტარულ-ჰიგიენური წესი, რაც აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისა და ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის. ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.