მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესიული პროგრამებისთვის განკუთვნილი ნაწილის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს: აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, მოეწყობა კომფორტული სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე, სასადილო, სახელოსნოები პრაქტიკული სწავლებისთვის, იფუნქციონირებს გათბობა – ვენტილაციის  და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

 სასწავლებლის მთლიანი ტერიტორია ადაპტირებული იქნება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის: მოეწყობა პანდუსები და ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები, საინფორმაციო დაფები ბრაილის შრიფტით,  ტაქტილური ნიშნებით აღჭურვილი იატაკები და საფეხმავლო ბილიკები. 

 200 სტუდენტზე გათვლილი განახლებული სასწავლებელი ახალქალაქისა და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საბაჟო და სატყეო საქმის, მებოსტნეობის, რძის პროდუქციის, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების, შემდუღებლის და ელექტრიკოსის, ასევე მსუბუქი ავტომობილის ძრავის და სავალი ნაწილის შეკეთების პროფესიული პროგრამებს შესთავაზებს.

რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შპს „სამშენებლო კომპანია N1“ ახორციელებს და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.  სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია.

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.