მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

პროფესიული კოლეჯის “ახალი ტალღა” რეაბილიტაცია დასრულდა

ქობულეთში მულტიპროფილური პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღას“ რეაბილიტაცია დასრულდა.  განახლდა კორპუსის მთლიანი ფასადი, რომელიც მორგებულია რეგიონის კლიმატურ პირობებს; კოლეჯის სამივე ძირითადი შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.

 სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით   განახორციელა.

მიმდინარე წლის საშემოდგომო მიღებაზე მულტიპროფილურმა კოლეჯმა, რომლის ინფრასტრუქტურა 1400 სტუდენტზეა გათვლილი 23 პროფესიულ პროგრამაზე 400-ზე მეტი სტუდენტი მიიღო. კოლეჯი ადგილობრივ მსხვილ დამსაქმებლებთან პარტნიორობით ახორციელებს 4 დუალურ პროგრამას ტურიზმის, კულინარიისა და შედუღების მიმართულებით. სასწავლებელი ასევე აქტიურად ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს მშენებლობის მიმართულებით.

 აღსანიშნავია, რომ წელს კოლეჯმა პირველად დაიწყო ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება 3 პროფესიული მიმართულებით, რომლის გავლის შემდეგაც სტუდენტები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიულ დიპლომს მიიღებენ.

 2020 წლის ბოლოდან კოლეჯში დაიწყება სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მშენებლობა, სადაც სტუდენტები პრაქტიკული სწავლების კომპონენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გაივლიან.