მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა   დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მშენებლობა დაათვალიერეს.

➡️ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება, თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნოპარკი, სადაც მოსწავლეებში „სტარტაპ“ უნარ-ჩვევების განვითარება ადრეული ასაკიდან მოხდება. განათლებისა და მეცნიერების ქალაქი გააერთიანებს: ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილო სივრცეებს, სპორტულ დარბაზებს, გარე მოედნებს, ზოგადსაგანმანათლებლო, კომაროვისა და ხელოვნების სკოლებს.

➡️ 14 ათასი კვ.მ თანამედროვე სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ორი შენობისგან შედგება და ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა.

➡️ მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურ სამშენებლო მასალას გამოიყენებენ.

➡️ მთავრობის მეთაურმა მოისმინა განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში განხორციელდება.

➡️ მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ პროექტის ფარგლებში ტენდერი გამოცხადდა ასევე სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობაზეც, რომელიც 29 ივლისს დასრულდება.

➡️ 350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. აღიჭურვება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით. გარდა ამისა მოეწყობა სპორტული მოედანი და გამწვანდება სკოლის ტერიტორია.