მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

მეგა სკოლის მშენებლობა დასრულდა

თბილისში, დავით აღაშენებლის ხეივანის მე-12 კმ-ზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში 1300 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და სკოლის აღჭურვის პროცესს გაეცნო. თბილისის N186 საჯარო სკოლის შენობა A da B ბლოკებისგან შედგება – A ბლოკში განთავსდებიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, B ბლოკში კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული. მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც მოეწყო სათამაშო და დასასვენებელი ზონები. შენობა ადაპტირებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება. საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ხელოვნების კოლეჯი და მულტიფუნქციური ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობა. განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.