მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

საჯარო ინფორმაცია

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

ადმინისტრაციული საჩივარი

დაინტერესებული მხარის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსს, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს ასევე დაერთვება მისი ასლი.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა

ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც  დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში.

ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღსდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის შედეგად, ან სხვა საპატიო მიზეზით.

ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

პირს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

პირს უფლება აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოს.

სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები  დადგენილი არ აქვს.