მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ  ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლის მშენებლობა  დაასრულა.  ახალი შენობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ  სააგენტოს დირექტორთან, ზვიად როსტომაშვილთან ერთად გახსნა.

სკოლის მშენებლობა  2016 წელს  დაიწყო  და  ძველი შენობის ადგილზე აშენდა, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. თითქმის ერთსაუკუნოვანი სკოლა საბურთალოს რაიონის საკმაოდ დიდი მოცულობის, მჭიდროდ დასახლებულ უბანს ემსახურება და შესაბამისად, ახალი მშენებლობაც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ლარამდეა.

650 ბავშვზე გათვლილი სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია   გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყო პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი და კვების ბლოკი, რომელიც აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.

მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.