მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ კასპში პროფესიული კოლეჯი და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთი კოლეჯი შეემატა –  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ქალაქ კასპში პროფესიული კოლეჯი და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

ამ მნიშვნელოვანი დაწესებულებების ამოქმედება რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას ქმნის, კოლეჯის ბაზაზე საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები დაინერგოს, რაც ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ კვალიფიკაცია, მოხდინონშესაძლებლობებისა და იდეების რეალიზება და შეძლონ დასაქმება.

კასპის კოლეჯი პირველ ეტაპზე პროფესიული მომზადება-გადამზადების შვიდი მოკლევადიანი პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. მომავალი წლიდან კი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მშენებლობის მიმართულების სადიპლომო პროფესიული პროგრამები დაინერგება.

პარალელურად კოლეჯის ტერიტორიაზე 7 ახალი სახელოსნო შენდება, სადაც 2021 წლის პირველი ნახევრიდან სტუდენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო სივრცეში პრაქტიკული უნარების განვითარებას შეძლებენ.

საგანამანთლებლო დაწესებულება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნეს.